Valerian (Valiko) Shakiashvili ვალერიან (ვალიკო) შაკიაშვილი

* 1930

  • „დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ბიძაჩემს საერთო სასაფლაოზე მისი დასაფლავების ნება არ მისცეს. პროცესიას სულ რამდენიმე ადამიანი აცილებდა, რადგან მოღალატის ცოლის დაკრძალვაზე დასწრება საშიში იყო. ადრე სამგლოვიარო პროცედურას წითელი დროშით მიუძღვოდნენ. ეს დროშა ჩვენს სახლში ინახებოდა, რადგან ის კოლმეურნეობის შენობად გადააქციეს, მაშინ ეს დროშაც კი არ მისცეს. გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ დედა თავდაპირველი საფლავიდან ახალ სასაფლაოზე გადავასვენეთ ბიძაჩემის დახმარებით“.

  • „მოდიოდა ბიძაჩემი ღამით და ჩვენთვის საჭმელი მოჰქონდა. დღისით ეშინოდა. დედაჩემი ლოგინად იყო ჩავარდნილი, მამა დაპატიმრებული იყო. წაგვართვეს ვენახი, ბაღი, სახლი, კარი, აღარაფერი დაგვიტოვეს, დედაჩემსაც გადასახლებას უპირებდნენ. ჩვენ დედას დაგვაცილეს, როდის გარდაიცვალა არ ვიცი. ბიძაჩემი დედას საყვედურობდა, ნუ სწყევლი [კომუნისტებს], თორემ მეზობლები ჩაგვიშვებენ და მეც გამაუბედურებენო. აქამდე წლებით ადრე ბიძაჩემი, ყოფილი მენშევიკი, დახვრეტას გადაურჩა იარაღის არჩაბარების გამო“.

  • „მოგიყვებით მშენებლობაზე, რომელზეც 4 წელი გავატარე. ეს იყო ალთაის მხარეში, მდინარე ირტიშისა და ობის შესართავთან აღმოჩენილი იყო ურანი. მაშინ სტალინი ცოცხალი იყო და 300 კილომეტრზე ერთდროულად დაიწყო მშენებლობა: შენდებოდა ხიდი, შენდებოდა ტრასა და ახალი ქალაქი. ასეთი გიგანტური მშენებლობა მხოლოდ სტალინს შეეძლო, იღუპებოდა ათობით ათასი კაცი, თუმცა ეს მისთვის არაფერი იყო. იყო ქალთა კოლონიები, ჯარისკაცები პატიმარ ქალებს ვეპრანჭებოდით ხიდიდან. გემებით ხე-ტყე მოჰქონდათ, რომელთაც პატიმარი ქალები ცლიდნენ... ისინი სასჯელს იმისთვის იხდიდნენ, რომ გერმანელების შემოსვლის დროს გერმანელებს აცხოვრებდნენ საკუთარ სახლში, რაც მათი არჩევანი არ ყოფილა, თუმცა მოგვიანებით კგბ-მ უთხრა, რომ გერმანელები უნდა მოეწამლათ. ამ პატიმრებს არ ჰქონდათ მიმოწერის უფლებაც კი, წარმოგიდგენიათ?.“

  • „ჩვეულებრივ ბავშვებთან ჩემი ურთიერთობა ძალიან ძნელი იყო, რადგან, ვინაიდან მოღალატის შვილი ვიყავი, მერიდებოდნენ, ისე როგორც კეთროვანს და ამის გამო ბევრჯერ შეტაკებაც კი მოგვსვლია. მეტიც, ერთხელ მასწავლებელი რაღაცაზე გავაბრაზე და მითხრა, მამაშენთან გაგგზავნიო - მეორე კლასში ვიყავი და მეხსიერებაში ეს დამრჩა მწარე მოგონებად“.

  • „წაგვიყვანეს საბავშვო სახლში იძულებით. დედაჩემი ცოცხალი იყო, მაგრამ ლოგინში მომაკვდავი იწვა. 3-4 სხვადასხვა ადგილას ვიყავით, ზუსტად აღარ მახსოვს. მთავარი ის იყო, ბრძანების მიხედვით, ამ მუხლით გასამართლებული ადამიანების შვილები არათუ ერთ ბავშვთა სახლში არ უნდა მოხვედრილიყვნენ, საერთოდ ერთმანეთი აღარ უნდა ენახათ, ეს ეჟოვის ბრძანება იყო. მე წიგნის დაწერას ვაპირებდი, თუმცა ძალიან ვნერვიულობდი ახალი ამბების გაგებისას და შემდეგ შევეშვი“.

  • Celé nahrávky
  • 1

    Uplistsikhe, 23.06.2023

    (audio)
    délka: 01:32:34
    nahrávka pořízena v rámci projektu Shared Memories - Visegrad and South Caucasus
Celé nahrávky jsou k dispozici pouze pro přihlášené uživatele.

კულაკის შვილი

Valiko Shakiashvili, 2023
Valiko Shakiashvili, 2023
zdroj: Natáčení

ვალერიან (ვალიკო) შაკიაშვილი დაიბადა 1930 წლის 1 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში. მამამისი მეღვინე იყო, რომელიც ჯერ დეკულაკიზაციის პოლიტიკის ფარგლებში დააპატიმრეს, ხოლო მოგვიანებით, სტალინისტური რეპრესიების დროს დახვრიტეს. ძმებისგან და მშობლებისგან მოწყვეტილმა ვალიკომ „ხალხის მტრის შვილის“ იარლიყით მრავალი წელი იცხოვრა. ვალიკომ ბავშვობა ბავშვთა სახლში გაატარა, სადაც მისი სტატუსის გამო ცუდად ექცეოდნენ. 1943 წელს ბავშვთა სახლიდან პროფესიულ ტექნიკურ სკოლაში წაიყვანეს, სადაც ორთქლმავლის მემანქანის ასისტენტის პროფესიას დაეუფლა. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ისტორია იყო, თუმცა შემდეგ მისი კარიერა არქიტექტურის მიმართულებით განვითარდა. ამის შემდეგ სახელმწიფო სკოლაში კიდევ 5 წელი გაატარა, რომლის დასრულების შემდეგაც ის ჯარში წაიყვანეს. სავალდებულო სამხედრო სამსახური ვალიკომ ციმბირში გაატარა, სადაც რკინიგზის მშენებელი დანაყოფის წევრი იყო. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ გორში დაიწყო მუშაობა და აქ 40 წელი გაატარა. კარგად ახსოვს როკის გვირაბის შენების ისტორიაც. ეს საბჭოთა რუსეთის ძალიან ცბიერი ჩანაფიქრი იყო, რათა ქართველთა და ოსთა შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოეწვიათ. დღესდღეობით, ვალიკო შაკიაშვილი ოჯახთან ერთად უფლისციხეში ცხოვრობს. თავისი ოჯახის ისტორიას წლების განმავლობაში იკვლევდა და ამასთან დაკავშირებით წიგნის დაწერასაც აპირებდა, თუმცა საკუთარ თავში ამის ძალა ვერ იპოვა. მიუხედავად ამისა, ის მუდმივად მზად არის, საბჭოთა ისტორიისა და დანაშაულების კვლევაში დაეხმაროს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც ინფორმაციის დამოუკიდებლობის განვითარების ინსტიტუტია (IDFI).